„ტვ პირველის“ მიერ პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე სასტიკი ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიაც ეხმაურება.
გვარამია მმართველ გუნდს მიმართავს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რეჟიმისთვის ყველაზე საგანგაშო ნიშანი სწორედ ძალოვანი უწყებების შიგნიდან ინფორმაციისა და მყარი მტკიცებულებების გამოჟონვაა.
„მთავარი ამბავი იცით რა არის ქოცებო? თქვენს ვირთხას რომ ეს კადრები გამოაქვს!“ — წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური ანონსის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კადრების ნამდვილობა, თუმცა განაცხადა, რომ შემთხვევა 2022 წელს ქობულეთში მოხდა და მასში მონაწილე სამი პოლიციელი მიმდინარე წლის თებერვალშია დაკავებული.
ოპოზიციური სპექტრის, იურისტებისა და უფლებადამცველების შეფასებით კი, მომხდარი სისტემური ძალადობის მორიგი დასტურია, ხოლო თავად ფაქტი, რომ პოლიციის შიდა ჩატებიდან წამების ამსახველი ფაილები გარეთ გამოდის, სისტემის შიგნით არსებულ სერიოზულ კრიზისზე მიუთითებს.















