ნიკა გვარამია: მე მიმაჩნია, რომ ეს ის ვითარებაა, როდესაც საერთო მტრის გამარჯვების წინააღდეგ ნამდვილად ღირს გაერთიანება

„პირდაპირ ვიტყვი, ვიდრე პოზიციამდე მივალ, რომ ადამიანურად ძალიან ვღელავ და სიტუაცია, არ მგონია, მარტივი“ – ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. ნიკა გვარამია „თბილისი პრაიდის“ გამართვას ეხმაურება.

გვარამია გიორგი თაბაგარის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი ამბობს, რომ პრაიდის მშვიდობიანად ჩატარება ერთგვარი ტესტი იქნება ხელისუფლებისთვის. ნიკა გვარამიას აზრით, მთავრობას ამ ტესტის გავლა ძალიან გაუჭირდება.

„ჩემი შიშები განპირობებულია იმით, რომ მე პირადად, არათუ ვშიშობ, არამედ დარწმუნებულ ვარ, რომ ის ტესტი, რაზეც გიორგიმ ისაუბრა, მთავრობის მიერ იქნება ჩაგდებული. ვერ გაივლის უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ გამიზნულად ჩაგდებული, არ ვფიქრობ, რომ მთავრობის ინტერესშია ის, რაც ხდება, მე არ ვფიქრობ, რომ ეს მთავრობას არ აწუხებს. მე მგონია, რომ ყველაზე მეტად ეს ზუსტად ხელისუფლების პრობლემაა, მაგრამ მე ვშიშობ, რომ ამ ხელისუფლებას, დანამდვილებით, არ მინდა, გადაწურვით ვთქვა, მაგრამ, ძალიან მაღალი ალბათობით, ძალიან გაუჭირდება ამ ტესტის გავლა,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ის ვითარება, რომელიც შესაძლოა, „თბილისი პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგ განვითარდეს, ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგის მომტანი იყოს.

„ეს არ იქნება ხელისუფლების სირცხვილი, ეს იქნება ამ ქვეყნის დამარცხება და დამარცხება არა კონკრეტულ მარგინალურ ჯგუფებთან და მარგინალურ ლიდერებთან, არამედ რუსულ სცენარში დამარცხება. ამ დამარცხებაში გამარჯვებული იქნება ერთადერთი, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი და მთავარი მტერი, რუსეთი. ძალიან მაღალი რისკფაქტორი ჩემთვის პირადად, არის ის, რომ, სამწუხაროდ, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის უმრავლესობაც კი, თუნდაც, ჩემს წრეში, ოჯახებში და ა.შ. სამწუხაროდ, მოუმზადებელია ამ ვითარებისთვის,“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქვეყნის საერთო მტრის, რუსეთის გამარჯვების წინააღმდეგ ყველა ერთად უნდა დადგეს.

„მე მიმაჩნია, რომ ეს ის ვითარებაა, როდესაც საერთო მტრის გამარჯვების წინააღდეგ ნამდვილად ღირს გაერთიანება. ეს იქნება სწორი და ამისკენ მოვუწოდებ ყველას. ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, უნდა ვუგულშემატკივროთ, იმიტომ, რომ ის იქნება, ასე ვთქვათ, პირველი ხაზი ამ ქვეყნის ინტერესების დაცვის. მეორე, ჩვენც, მედიასაც, გვმართებს ძალიან სწორი, წითელი ხაზის დაჭერა იმიტომ, რომ ძალიან მყიფეა ის ხაზი, რომელზეც მოგვიწევს გავლა. არც ჩვენ არ ვართ ამ სიტუაციებში გამოცდილები. ეს ჩვენთვისაც რთული თემაა და სიახლეა. ჩვენც არ ვართ მომზადებული ამ ყველაფრისთვის. ამიტომ მოგვიწევს ამაზე ძალიან სკულპუროზული დაფიქრება და მუშაობა, ისე, რომ შეცდომა არ დავუშვათ. მე პირადად, მიმაჩნია, რომ ახლა არ არის დრო, პოზიციების დაბალანსების“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ყველა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უნდა დადგეს.

„ახლა უკვე დასახევი გზა არ არსებობს. გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს და ამ ვითარებაში, ჩვენთვის მისაღები მოკავშირე არის, მათ შორის ჩვენთვის ძალიან მიუღებელი ხელისუფლებაც,“ – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიქვეყანას ეროვნული ხელისუფლება რომ ჰყავდეს, გარწმუნებთ, საერთოდ არ დადგებოდა ლგბტ პრაიდის ჩატარების საკითხი – ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიახელისუფლება თუ ისე მოიქცევა, როგორც 2013 წლის 17 მაისს, მაშინ ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის