„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესის მოულოდნელად გამართვას ეხმაურება. გვარამიას განცხადებით, მმართველი გუნდი ავტორიტარული პრაქტიკით მოქმედებს, პოლიტიკურ პატიმრებს აგროვებს და მათ დასავლეთთან ვაჭრობისთვის, საკუთარი ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად იყენებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღევანდელი სხდომა სპეციალურად ევროკავშირისა და აშშ-ისთვის ჩატარდა.
„იქნება შიდა ვაჭრობა, რომელიც “ქართული ოცნების” სურვილს უკავშირდება, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს — არა ახალი არჩევნებით, უკვე თავისი პირობებით ჩატარებული არჩევნებისაც ეშინია, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით.
ეს ყველაფერი პოლიტპატიმრებისა და ტყვეების საქმეებია და ეს ერთიანი სავაჭრო ლოტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გამოაქვს და მაგიდაზე “დაახორაგებს”, რომ მოლაპარაკებები გაიმარტივოს. “შარლ მიშელი 2” არ გამოვა — პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ყოფნის მუდმივ უფლებას ვერ მოიპოვებს“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ ასევე ისაუბრა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და აღნიშნა, რომ „ტექნიკური თვალსაზრისით “ქართული ოცნება” გასულია რეალობიდან“:
„ევროპას კი არ ვჭირდებით ჩვენ, არამედ ჩვენ გვჭირდება ევროპა, უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით. ჩვენ თუ რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, ევროპას დარდი რატომ უნდა ჰქონდეს? ჩვენ უნდა გვქონდეს იმის დარდი და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ეს არ დავკარგოთ. ევროპული ბიუროკრატიის იმედი მაქვს, რომელიც ნელა მუშაობს, რომ ვერ მოასწრებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ვიდრე ეს ხელისუფლება არის“, — დასძინა მან.















