26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ნიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: მოწმე ამბობს-“ხელი რომ ასწიე, ხალხმა იხუვლაო”, არ ვიცი, ცეზარი ვგონივარ თუ ვინ?!

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი და პროკურატურის მოწმის (პოლიციის დეტექტივის) ჩვენება შეაფასა. გვარამიას თქმით, მოწმეს „მეხსიერება ჩახსნილი აქვს“, არაფერი დეტალი არ ახსოვს და მისი ჩვენება აბსურდულია, რადგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მტკიცებულებად მხოლოდ ბრალდებულის ხელის აწევას ასახელებს.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძე პროცესზე „მესამე პროკურორივით“ იქცევა, ხოლო ბრალდებულებისთვის სახაზინო ადვოკატების დანიშვნა საქმის ფორსირებულად დასრულებასა და ყველას დაპატიმრებას ისახავს მიზნად:

„მოწმე პირდაპირ ამბობს, ვციტირებ: „ხელი რომ ასწიე, ხალხმა იხუვლა“. ჩემ აწეულ ხელზე თურმე ხალხმა იხუვლა და შეუტია პარლამენტს. არ ვიცი, ახლა, ცეზარი ვგონივარ თუ ვინ ვგონივარ. არც სახე ახსოვს, არც სად ვიდექით… ეს პროცესი მორჩება ყველას პატიმრობით და უფრო მალე, ვიდრე სავარაუდო იყო… რეჟიმი სანამ არ დაემხობა, არაფერი ეშველება ამ საკითხს. მთავარია, ჩვენი თავისუფლებით ბიძინა ივანიშვილი არ ვავაჭროთ, თორემ ციხეს ადამიანი გადაიტანს“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ბრალდება 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ახალ პორტალზე: მოსახლეობას ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს
შემდეგი სტატიალოტკინზე წაქცეული ატრაქციონი მოზარდს დაეცა – დაშავებულს მძიმე დაზიანებები აქვს