26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ნიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: ამოცანაა, რომ ახალი პოლიტპატიმრები იყვნენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, “არა მხოლოდ კვალიფიკაციაა არასწორი, არამედ ქმედებებიც კი არ მომხდარა, რასაც ესენი ამბობენ და რომც მომხდარიყო ეს დანაშაული არ არის”.

“ამოცანაა, რომ ახალი პოლიტპატიმრები იყვნენ და ისიც ჩანს, რომ იქნებიან. სისულელე და ფიქციაა, არა მხოლოდ კვალიფიკაციაა არასწორი, არამედ ქმედებებიც კი არ მომხდარა, რასაც ესენი ამბობენ და რომც მომხდარიყო, ეს დანაშაული არ არის.

ამ კედლებში [სასამართლოში] ყველაფერი მინახავს, მაგრამ ეს გამორჩეული პროცესია და მოსამართლეა ექსკლუზიურად საინტერესო”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დროს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი წამოჭრას
შემდეგი სტატიაწარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში – გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი