დღეს, ყველა „ქოცი“, ნიღბიანი თუ უნიღბო, „ტიტუშკაა“ და ჩვენს სამშობლოს უსწორდება – ხან ჟურნალისტის, ხან მომიტინგეს, ხან მსახიობის, ხან პოლიტიკოსის და ხან სხვა პატრიოტის მსხვერპლად შერჩევით, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.
ამასთან, გვარამია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და მათ მხარდაჭერას უცხადებს.
„ქართული კრიტიკული მედია დგას სამშობლოს და დემოკრატიის დაცვის პირველ ხაზზე და, ვაღიაროთ, ამ ბრძოლის ფლაგმანია.
გასაგები მიზეზების გამო არ მინახავს კადრები, მაგრამ მაკა ჩიხლაძეს და მისი ოპერატორის დარბევა უმძიმესი ყოფილა „ქოცების“ პარამეტრებითაც კი! ჩემი მხარდაჭერა მაკას, გიორგი შეწირულს, მთელ „ტვ. პირველს“ და სრულიად ქართულ კრიტიკულ მედიას!
არავითარი „ტიტუშკები“ არ არსებობენ, დღეს, ყველა „ქოცი“, ნიღბიანი თუ უნიღბო, „ტიტუშკაა“ და ჩვენს სამშობლოს უსწორდება – ხან ჟურნალისტის, ხან მომიტინგეს, ხან მსახიობის, ხან პოლიტიკოსის და ხან სხვა პატრიოტის მსხვერპლად შერჩევით.
დღეს „ხელისუფლება“ არის კოლექტიური „ტიტუშკა“ და არალეგიტიმური ხუნტა. ძირს „ტიტუშკოკრატია“! ძირს ნიღბიანი დიქტატურა! გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს! ჩვენ მივდივართ ევროპაში!“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.