ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სალომე ზურაბიშვილმა რაც შესთავაზა „ქართულ ოცნებას“, რომ ყველა შემთხვევაში არსებობს ჯერ კიდევ რაღაცა რამდენიმე დღე, როცა უნდა მოვიდნენ და დაილაპარაკონ, ეს მისი მხრიდან სწორია, თუმცა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
კითხვაზე, „რა გზებით შეიძლება, ახალი არჩევნები დაინიშნოს?“, – გვარამიამ უპასუხა: „პარლამენტის დათხოვნით. ან მეორე გზა არის, რომ ამას აღიარებს „ქართული ოცნება“, რა უფრო რეალისტურად მიგაჩნიათ?“.
გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გასაგები გახდა, რა ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია საბჭოს და ამ ვითარებაში პრეზიდენტის გვერდით იდგებიან.
„მე არ მომწონს საბჭოები საბჭოებისთვის, რომ უბრალოდ არსებობდეს, მაგრამ გასაგები გახდა, რა ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია მას. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ ვითარებაში პრეზიდენტის გვერდით ვიდგებით“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, ნიკა გვარამიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც სააკაშვილი ამბობს: „ხალხი თუ ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე, მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება“.
ნიკა გვარამიას თქმით, „ხალხი თუ ჩამოდის, ისინი თავისით ჩამოდიან და შესაძლოა, ამას გულისხმობდა სააკაშვილი“.
ამავდროულად, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ გაფიცვა, ბოიკოტი არის პროტესტის კონსტიტუციური და კონვენციური ფორმები.
„ეს პროტესტი მიმდინარეობს და მისი გაღრმავება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ქართულ დემოკრატიას. რაც შეეხება, ამის ფონზე პოლიტიკური პროცესი როგორ უნდა მიმდინარეობდეს, ამასაც აქვს თავისი აზრი, პოლიტიკოსებიც უნდა ხედავდნენ და ნელ-ნელა ეხმარებოდნენ გამოსავლის მიღწევაში, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს და მათ შორის, ქართველ ხალხს. ხალხის მოთხოვნა არის რეჟიმის შეცვლა, მაგრამ ეს მოთხოვნა ასევე მოიცავს პოლიტიკოსების მხრიდან აქტივობას და ეს აქტივობა მარტო იმაზე არ უნდა იყოს აგებული, რომ ჩვენ კომენტარები ვაკეთოთ, ხალხი გამოვიყვანოთ, თუ როგორი პროტესტი უნდა იყოს და ა.შ. ყველას გვაქვს ჩვენი შეხედულებები, ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები. საზოგადოება თვითორგანიზდება მშვენივრად, ამაში მას, უკაცრავად და ხელის ჯიკება, როგორც იმერულ ესკიზებშია, არ სჭირდება. სხვაგვარად თუ შეგვიძლია საზოგადოებას დავეხმაროთ, ჩემი აზრით, ეს უნდა გავაკეთოთ პოლიტიკოსებმა, მათ შორის, რასაც მიშა ამბობს, გაღრმავება პროტესტის სავსებით სწორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკოსებს უნდა გვქონდეს სხვა ტიპის გადაწყვეტილებებზე ჩვენი წარმოდგენები. ჩემთვის უცნობია, ვის ჩამოჰყავს რეგიონებიდან ხალხი. მე არ ვარ კომენტატორი, მე შემიძლია ჩემი პარტიის და საკუთარი პოზიცია გითხრათ. ჩემთვის უცნობია და პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ არავის ჩამოყვანა არ ხდება. ხალხი თუ ჩამოდის, ისინი თავისით ჩამოდიან. შესაძლოა, ამას გულისხმობდა სააკაშვილი. ხალხი ამ პროცესებს მართავს თავად. ვინმე რომ იყოს, რომელიც ამ პროცესებში ერევა, ვინმე ჩამოჰყავს, რამეში ფულს იხდის და ა.შ. „ქართული ოცნება“ ამაზე დიდი ხანი ილაპარაკებდა დამარცვლით და სახელებით და გვარებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.