29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ნიკა გვარამია: ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია — სოლიდარობა ბაჩოს და მის ოჯახს

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიასთვის ორწელიწადნახევრით პატიმრობის მისჯის განაჩენს ეხმაურება და სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივად აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ახალაიას განცხადება — „ივანიშვილი ჩემი აზრით დასამხობია. თუ ძალის გამოყენების გარდა სხვა არჩევანი არ იქნა, ძალაც უნდა იქნეს გამოყენებული“ — ვერანაირად ვერ ჩაითვლება დანაშაულებრივ მოწოდებად, რადგან არ კმაყოფილდება კანონით დადგენილი კრიტერიუმები:

„მოწოდება გაკეთდა 15 კაცის წინაშე სასამართლო სხდომაზე, რაც ვერ ჩაითვლება პირთა განუსაზღვრელ წრედ. მესამე პირის მიერ ციტირება მოწოდებად არ ითვლება. ხოლო ის, რომ სასამართლო დარბაზიდან ახალაიას მიერ ნათქვამი სიტყვების აუდიოჩანაწერი გარეთ გავიდოდა, თავად მას ვერც ეცოდინებოდა და არც უნდა ევარაუდა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომებზე აუდიო-ვიდეო ჩაწერა მოქმედმა ხელისუფლებამ აკრძალა. მესამე პირის მიერ კანონის დარღვევა კი ლეგიტიმური და რაციონალური ვარაუდის წინაპირობას ვერ წარმოშობს. ასე რომ, პირველი კრიტერიუმი გამოირიცხა.

რაც შეეხება მოწოდების რეალურობას — ციხეში მჯდომი კაცის საუბარმა 15 დამსწრესთან, რომ შესაძლოა სახელმწიფო გადატრიალება გამოიწვიოს, ამის რეალურობა ვერანაირი საღი აზრის ტესტს ვერ უძლებს, არათუ სამართლებრივი შეფასების მაღალ სტანდარტს. ასე რომ, მეორე კრიტერიუმიც გამოირიცხა.“

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმარია და მისი გათავისუფლება პრიორიტეტული ამოცანაა:

„რომ შევაჯამოთ, ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის კიდევ ერთი ამოცანაა. სოლიდარობა ბაჩოს და მის ოჯახს!“ — წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე საუბრობს: კიევის რეგიონში რუსულ დარტყმებს 18 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“საფარი”: შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამას სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა