კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პარტია „ფედერალისტებისა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი ხედვა, არსებითად, შეიარაღებული კონფლიქტის გარდაუვალობას ემყარება.
ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „ფედერალისტებისა“ და მიხეილ სააკაშვილის პოზიციები სამართლებრივად გამართულია, თუმცა რეალურად ომის (შეიარაღებული კონფლიქტის) სცენარს ითვალისწინებს, რასაც საზოგადოებას ღიად და პირდაპირ უნდა ეუბნებოდნენ.
„ორივეს ხედვაში საკითხის საბაზისო გადაწყვეტა სამხედრო გზაა, ხოლო მოლაპარაკება კი ფორმალური კომპონენტია, რომელიც უფრო შეიარაღებულ კონფლიქტში დამარცხებულის მიერ კაპიტულაციის შედეგების გაფორმებად გამოიყურება. როცა ამგვარ განაცხადს აკეთებ, მნიშვნელოვანია, გარდაუვალი მსხვერპლის შესახებაც თქვა ღიად და მკაფიოდ“, — წერს გვარამია.
გვარამიას განცხადებით, მისი პოზიცია განსხვავებულია და იგი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარ გასაღებად ევროკავშირში გაწევრიანებასა და აფხაზური მხარისთვის მაღალი ევროპული გარანტიების შეთავაზებას მიიჩნევს.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კართან მდგომი საქართველო, ეკონომიკური პროექტებითა და განვითარებული ინსტიტუციებით, აფხაზებს შესთავაზებს წინადადებას, რომელზეც უარს ვერ იტყვიან, რაც შეიარაღებული კონფლიქტის აუცილებლობას გამორიცხავს.














