14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ნიკა ჩერქეზიშვილი: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება — კომპანია პირობას მეოთხედ არღვევს, ჯარიმა კი სასაცილოა

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები გათვალისწინებულ ვადებში ვერ დასრულდება. ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქის ცენტრი გადაკეტილია და პროექტზე მილიონობით ლარი საჯარო ფინანსები იხარჯება, კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულების პირობას უკვე მეოთხედ არღვევს, საპასუხოდ კი მიზერული თანხით ჯარიმდება.

პოლიტიკოსის განცხადებით, ტენდერი ცუდად იყო ორგანიზებული, მასში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომლის დირექტორიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.

ჩერქეზიშვილის თქმით, ხელშეკრულების დარღვევისთვის დაწესებული 0,02%-იანი ჯარიმა აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ დისკომფორტთან შედარებით, რასაც თბილისელები ქალაქის ცენტრის გადაკეტვის გამო განიცდიან.

„ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ სამუშაოები ვერ დასრულდება დათქმულ ვადებში და თბილისელების დისკომფორტი გაცილებით დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ამას თბილისის მერია აანონსებს“, — აღნიშნა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენი“ დააჯარიმა.

საჯარიმო დოკუმენტის თანახმად, ინსპექტირებისას ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთზე დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, რის გამოც კონტრაქტორ კომპანიას 1 583 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია კობახიძის განცხადებაზე: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა ქმედება, რომელიც არღვევს კონსტიტუციასა და დასავლურ სანქციებს
შემდეგი სტატიაფავლენიშვილი: აფხაზეთში შეტანილ საწვავს სრულად საოკუპაციო რეჟიმი განკარგავს