კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ალეკო ელისაშვილის საქმე შეაფასა, რომელზეც განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება.
ჩერქეზიშვილის განცხადებით, ელისაშვილის მიმართ მოსალოდნელი განაჩენი სასამართლოს მხრიდან პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთის აღსრულება იქნება, რასაც სამართალთან საერთო არაფერი ექნება. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საქმე თავდაპირველად ქონების დაზიანების მუხლით იყო აღძრული, თუმცა ბრალდება მას შემდეგ დამძიმდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელისაშვილს საჯაროდ დასდო ბრალი ტერორიზმში:
„ბუნებრივია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში თავიდან საქმე აღძრული იყო ქონების დაზიანების მუხლით. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება, სადაც პირდაპირ გადაუკვალიფიცირა საქმე ტერორიზმის მუხლით და მურუსიძის სასამართლომაც მიიღო ეს გზავნილი. სწორედ ამის შემდეგ გადაუკვალიფიცირდა ალეკოს ბრალი და დღეს მას უკვე ტერორიზმის მუხლით ასამართლებენ“, — განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

















