ნიგერიაში შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელმაც 7 მარტს სკოლიდან 280-ზე მეტი ბავშვი გაიტაცა, მათი გათავისუფლებისთვის გამოსასყიდი მოითხოვა. გამტაცებლებმა სკოლის მოსწავლეების თავისუფლება მილიონ ნაირად (ადგილობრივი ვალუტა) შეაფასეს, რაც 620 432 დოლარს შეადგენს.
გატაცებულთა ოჯახების წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ მას გამტაცებლებმა დაურეკეს და ულტიმატუმი წამოაყენეს: თუკი ფულს არ მიიღებენ გატაცებიდან 20 დღეში, ყველა მძევალს მოკლავენ.
ნიგერიის უსაფრთხოების ძალები ცდილობენ დაადგინონ, სად იმყოფებიან გამტაცებლები და მძევლები.
ორმოცდაათამდე შეიარაღებული მამაკაცი 7 მარტს დაესხა თავს სკოლას ჩრდილოეთ ნიგერიის სოფელ კურიგაში და მძევლად აიყვანა 7-დან 15 წლამდე ასაკის 300-ზე მეტი მოსწავლე. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს, მაგრამ თავდამსხმელებმა მინიმუმ 286 ბავშვი წაიყვანეს თან. სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლეების გადარჩენის მცდელობისას ერთი ადამიანი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით.
ნიგერიაში ბავშვებისა და ქალების გატაცება რეგულარულად ხდება. კურიგაში გატაცება ერთ-ერთი ყველაზე მასობრივია 2014 წლის შემდეგ, როდესაც რადიკალურმა ჯგუფმა „ბოკო ჰარამმა“ ჩიბოკში საერთო საცხოვრებლიდან გაიტაცა 270-ზე მეტი სკოლის მოსწავლე. მათგან 98 ტყვედ რჩება, მათ აიძულებენ, დაქორწინდნენ გამტაცებლებზე, ზოგი კი სახლში დაბრუნდა შვილებთან ერთად.
ბავშვების ამჟამინდელ გატაცებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. Associated Press-ი და Reuters-ი აღნიშნავენ, რომ გამოსასყიდის მიზნით გატაცების ტაქტიკა ახლა გამოიყენება კრიმინალური ჯგუფების მიერაც, რომლებსაც არა აქვთ იდეოლოგიური მიმართულება. ეს შეიძლება იყვნენ მწყემსები, რომლებიც კონფლიქტში არიან ადგილობრივ ფერმერებთან.