ნიდერლანდებისთვის „ბუკის“ რაკეტის გადაცემა- მთავარი პროკურატურის განცხადება

მთავარი პროკურატურა საქართველოს მიერ ნიდერლანდებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტის გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

”ჰოლანდიის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეროვნული სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხება მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი, ამსტერდამი – კუალა ლუმპურის „MH17“ რეისის სამგზავრო თვითმფრინავის 2014 წლის 17 ივლისს დონბასის რეგიონში (უკრაინა) მომხდარ ავიაკატასტროფას.

ხსენებული სისხლის სამართლის ფარგლებში, „სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1959 წლის ევროპული კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების საფუძველზე, ნიდერლანდების სამეფოს უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 27 იანვარს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარ პროკურატურას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ. ხსენებული შუამდგომლობით, სხვა მოქმედებებთან ერთად, მოითხოვებოდა ჰოლანდიური მხარისათვის „9M38M1“ ტიპის „BUK“ სისტემის რაკეტის ერთი ეგზემპლარის მიწოდება.

დასახელებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2166-ე რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს მხარის მიერ დაკმაყოფილებული იქნა მითითებული შუამდგომლობა და ნიდერლანდების მხარეს გაეწია შესაბამისი სამართლებრივი დახმარება”, – აცხადებენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება მასწავლებლებს შეხვედრებზე იძულების წესით მიერეკება”- სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატია“ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული უფლება მოპოვებული მასალა გაესაჯაროებინათ”-“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ციანიდის საქმეზე