ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის გამო მკაცრად აკრიტიკებს და რეპრესიების კამპანიაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიდერლანდების საგარეო უწყების სპიკერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვებს უპასუხა.
სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის სწრაფმა გაუარესებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი დაქვეითება და საქართველოს მთავრობასთან დახმარების პროგრამების შემცირება გამოიწვია.
„ნიდერლანდები მუდმივად გმობს რეპრესიების იმ კამპანიას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში ახორციელებს. დღეს `ქართული ოცნების~ ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ დიდი შრომით მოპოვებულ დემოკრატიულ მიღწევებსა და მის საერთაშორისო რეპუტაციას“, — აცხადებს სპიკერი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ნიდერლანდები პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების მხილებას და ამ მიზნით საერთაშორისო ბერკეტებს აქტიურად იყენებს.
„ეუთოს 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, ნიდერლანდებმა მიმდინარე წლის დასაწყისში მხარი დაუჭირა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამუშავებას. ნიდერლანდები კვლავ ემხრობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს, რათა მოუწოდოს მათ კურსის შეცვლისკენ. მათ შორისაა ევროკავშირის მიზანმიმართული სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ბოლო ანგარიშში“, — აღნიშნულია ნიდერლანდების საგარეო უწყების პასუხში.















