ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურებმა შეაგროვეს მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში აკრძალული ქიმიური იარაღის ფართომასშტაბიანი გამოყენების თაობაზე. ამის შესახებ Reuters-ს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განუცხადა.
ბრეკელმანსის თქმით, მისი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ, დაადასტურონ, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებას აძლიერებს. მან მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა.
„ეს ზრდა შემაშფოთებელია, რადგან ის იმ ტენდენციის ნაწილია, რომელსაც უკვე, რამდენიმე წელია ვხედავთ, სადაც რუსეთის მიერ ამ ომში ქიმიური იარაღის გამოყენება სულ უფრო ნორმალური, სტანდარტული და ფართოდ გავრცელებული ხდება“, – განაცხადა მან სააგენტოსთან ინტერვიუში.
ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა პიტერ რისინკმა განაცხადა, რომ დასკვნები მოჰყვა „ჩვენივე დამოუკიდებელ სადაზვერვო მონაცემებს, ამიტომ ჩვენ თვითონ დავაკვირდით მას, ჩვენივე გამოძიებების საფუძველზე“.
ბრეკელმანსის თქმით, სულ მცირე სამი უკრაინელი მოქალაქის სიკვდილი ქიმიური იარაღის გამოყენებას უკავშირდება, ხოლო ბრძოლის ველზე დაჭრილმა 2500-ზე მეტმა ადამიანმა უკრაინის ჯანდაცვის ორგანოებს ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული სიმპტომებით მიმართა.
თავის მხრივ, ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ქიმიური იარაღის გამოყენების „ათასობით შემთხვევაზე“ ისაუბრა და 9 ათასი შემთხვევის შესახებ უკრაინულ მონაცემებზე დაყრდნობით ისაუბრა.
ბრეკელმანსმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გახშირებული გამოყენება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც.
„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ზეწოლა. ეს ნიშნავს დამატებითი სანქციების განხილვას და, კერძოდ, მათთვის (რუსეთისთვის) ისეთ საერთაშორისო ორგანოებში მონაწილეობის აკრძალვას, როგორიცაა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო“, – განაცხადა მან.
ნიდერლანდების სამხედრო და ზოგადი დაზვერვის სამსახურები უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს კონკრეტული მტკიცებულებები რუსეთში ქიმიური იარაღის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით.
ეს მოიცავს კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მეცნიერების დაქირავებას ქიმიური იარაღის შესაქმნელად, განაცხადა რისინკმა და აღნიშნა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა ჯარისკაცებს ინსტრუქციები მისცეს, თუ როგორ გამოიყენონ ტოქსიკური საბრძოლო ნივთიერებები.
„ეს არ არის მხოლოდ იმპროვიზებული ქმედებები ფრონტის ხაზზე, ეს სინამდვილეში უფრო დიდი პროგრამის ნაწილია. და ეს, რა თქმა უნდა, ასევე შემაშფოთებელია, რადგან თუ არ განვმარტავთ და არ გავასაჯაროებთ, თუ რას აკეთებს რუსეთი, ეს ტენდენციები, სავარაუდოდ, გაგრძელდება“, – თქვა რისინკმა.
მან რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას „თითქმის სტანდარტული პროცედურა“ უწოდა. მისივე თქმით, ქლოროპიკრინის გამოყენება შესაძლოა, იმპროვიზებულ საბრძოლო მასალასთან იყოს დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ ქლოროპიკრინი შეტანილია აკრძალული ასფიქსიანტების სიაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ქიმიური იარაღის კონვენციის განხორციელებისა და დაცვის მონიტორინგისთვის.
მას შეუძლია გამოიწვიოს კანის, თვალების და სასუნთქი გზების ძლიერი გაღიზიანება. გადაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუსა და კუჭის დამწვრობა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება.
ცნობისთვის, გასული წლის მაისში რუსეთის წინააღმდეგ იმ დროს დაწესებული სანქციების გასამართლებლად, შეერთებულმა შტატებმა მიუთითა, რომ რუსმა ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერება, ქლოროპიკრინი გამოიყენეს. ოქტომბერში კი დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა სამ რუსულ ინსტიტუტსა და ერთ ფიზიკურ პირს რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.