ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ნიდერლანდები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები უახლოეს მომავალში დაზუსტდება.
„ჩვენ ასევე თავად მივაწვდით მეტ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას: საბრძოლო მასალას F16-ებისთვის, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რადარებს და ა.შ.“, – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრეკელმანსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინელების მუხლებზე დაჩოქებაა.
„რუსეთის მიზანი მარტივია: ურყევი უკრაინელები მუხლებზე დააჩოქოს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, გვსურს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის დამატებით უზრუნველყოფაში. ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მხოლოდ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის დაუღალავად და მასობრივად გაგრძელებით და რუსეთზე ზეწოლის გაზრდით შეგვიძლია რუსეთის ფედერაცია ვაიძულოთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, – აღნიშნა ბრეკელმანსმა.















