ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 1 ივნისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ გამოაცხადა.

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია ხარისხიანი სახელოვნებო უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებთან ინტეგრირება; ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა
მოტივაციის გაზრდა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მოცემული კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 185 000 ლარს და მის ფარგლებში დაფინანსდა 22 ახალგაზრდა. აქედან 9 ახალგაზრდის სწავლა დაფინანსდა საქართველოს, ხოლო 13 აშშ-ის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიის,
გერმანიის, ავსტრიის სახელოვნებო -საგანმანათლებლო სასწავლებლებში.

საკონკურსოდ პროექტები მიიღება საქართველოსა და უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ხელშესაწყობად, არაუმეტეს 1 აკადემიური წლის ვადით.

საქართველოსა და უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსების მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს 18-დან 35 წლის ასაკამდე ფიზიკურ პირს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს:

ა) საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე;

ბ) უცხოეთის სასწავლებელში საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და მოპოვებული აქვს შესაბამისი სასწავლებლის თანადაფინანსება, არანაკლებ 25 %-ისა.

კონკურსანტს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

კონკურსში უპირატესობა შესაძლებელია მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულ დეფიციტურ, მოთხოვნად პროფესიას ეუფლება.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 10 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge.
კონსულტაციები შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 599 02 01 98. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 28 ივნისისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების
ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

��
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh

��
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau

��
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/TJhCp9b

banner
წინა სტატიაშიბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ილია ელოშვილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული