NGO-ები: საქართველოს მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის დაწესება არაკონსტიტუციურია

“კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. მეტიც, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას”. – ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, GDI, ISFED და HRC საქართველოს მთავრობის მიერ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ზომებს.

“საქართველოს მთავრობის მიერ 9 ნოემბრიდან კომენდანტის საათის დაწესება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 453-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და აღმასრულებელ ხელისუფლებას თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. კონსტიტუციური მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად ჩაანაცვლა კანონმდებელი და ყოველგვარი საჯარო დისკუსიებისა და განხილვის გარეშე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევით, შემოიღო ახალი, მაღალი ინტენსივობის შეზღუდვა.

ხაზგასასმელია, რომ კომენდანტის საათის დაწესება, მისი ინტენსივობიდან გამომდინარე, როგორც წესი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხდება ხოლმე და მას თან ახლავს მკაცრად გაწერილი სტანდარტები და წინაპირობები. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თავისი ბუნებით, კომენდანტის საათი ზღუდავს არამხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას, არამედ უარყოფითი ეფექტი აქვს მთელ რიგ სხვა კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორის თავისუფლების ხელშეუხებლობაზე.

ამ მხრივ გასათვალისწინებელია “საგანგებო მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც, კომენდანტის საათის დამრღვევ პირებს “დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები”. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი საგანგებო მდგომარეობის არარსებობის გამო არ მოქმედებს, სავარაუდოა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ნორმების გამოყენებით სამართალდამცავები მიღებული აკრძალვის დარღვევისათვის შესაბამის პირებს შეუზღუდავენ თავისუფლებას, რაც ასევე არაკონსტიტუციური იქნება”. – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად COVID-19-ით შექმნილი ეპიდსიტუაციით მანიპულირება.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას ვაპირებ, რადგან ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიააქტივისტი ლექსო მაჭავარიანი დააკავეს