NGO-ები საერთაშორისო ორგანიზაციებს: განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანეთ R2-ის საქმე

20 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანოს რუსთავი 2-ის საქმე. NGO-ები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები. არასამთავრობოებმა მიმართვა გაუგზავნეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, ეუთოს წარმომადგენელს მედია თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითებში, ეიმონ გილმორს, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, ჯოან ბერს, “ამნესტი ინტერნეიშენალის” გენერალურ მდივანს, კუმი ნაიდუს, Human Rights Watch-ის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგიას, “ფრიდომ ჰაუსის” ევროპისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორს, მარკ ბერენტს, “ევროპის ჟურნალისტების ასოციაციის” პრეზიდენტს, ოტმარ ლაჰოდინსკის, პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ლუზ კინკელს, “მეცხრამეტე მუხლის” ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სარა კლარკს, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, ქეთრინ ქეროლს, ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის ხელმძღვანელს, რიკარდო გუტიერეზს, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, მარკუს სპაილმენს, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს, ენტონი ბილანჯერს.

“მოგმართავთ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აღსრულდა საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რუსთავი 2-ის მფლობელი შეიცვალა. ასევე, მაუწყებლის ახალმა მფლობელმა დანიშნა ტელევიზიის ახალი დირექტორი.

ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც პრაქტიკაში ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მიდგომებში გამოიხატება. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს საქართველოში არსებული მედიაგარემო და შეზღუდოს მედიაპლურალიზმი. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო განცხადება გაავრცელა.

ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანია რუსთავი 2 გამოირჩევა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრი, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ მალავდნენ, თავიანთ უკმაყოფილებას რუსთავი 2-ის მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ახალი მფლობელის განცხადებისა, რომ იგი არ აპირებს მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას, კვლავაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, რომ ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია. ამ ეჭვებს ამყარებს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება:

გასულ კვირას რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ახალ მფლობელს სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით, მედიასფეროს ექსპერტებით და მფლობელის მიერ წარდგენილი პირებით დაკომპლექტდებოდა. საბჭოს მთავარი მიზანი ახალ რეალობაში ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევებისგან დაცვა იყო. ჟურნალისტების ინიციატივა ახალმა მფლობელმა არ გაიზიარა და სანაცვლოდ არც ინსტიტუციური დაცვის რაიმე ალტერნატიული მექანიზმი შესთავაზა მათ.

აღსანიშნავია ასევე, რომ ახალი მენეჯმენტის განცხადებით, არხზე მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდათ. ზუსტად ამის გამო, შესაძლოა წარმოიშვას საფრთხე, რომ მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ეს ფაქტი გამოიყენოს ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საბაბად, არხიდან გაუშვას არასასურველი ჟურნალისტები და ამ გზით შეიცვალოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. ცნობისათვის, სასამართლო დავის პერიოდში, კომპანიას ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა, მათ შორის ყადაღის გამო, თუმცა ტელევიზიის მენეჯმენტი მაინც ახერხებდა არხის მაუწყებლობის შენარჩუნებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანოთ ეს საქმე. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები” – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, მედიის განვითარების ფონდი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოება და ბანკები, ლიბერალური აკადემია თბილისი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს გაეროს ასოციაცია, საფარი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ცენტრი ემპათია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრი.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის ბრიფინგის შემდეგ თიბისი ბანკის აქციების ფასი 4,5%-ით შემცირდა
შემდეგი სტატიაადვოკატის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პროკურატურაში გამოცხადდებიან