NGO-ები ხოშტარიას შტაბის დარბევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებენ

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ოფისზე თავდასხმის გამო. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და ოფისებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მათი შეფასებით, მსგავსი შემთხვევები წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივ ფონს ქმნის და საფრთხის წინაშე აყენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

“ბოლო პერიოდში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებზე განხორციელებული თავდასხმებები სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება. ამის მაგალითია კორცხელის ინცდენტი, ასევე სხვა ინციდენტები, რომელთა გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. 2016 წლის 10 აგვისტოს, ეროვნული ფორუმის ნაძალადევის ოფისი გაქურდეს, ხოლო 2016 წლის 11 და 12 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროსა და ზუგდიდის ოფისები დაარბიეს. 2016 წლის 22 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს თავს დაესხნენ, კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ქ.რუსთავში, სახლისკენ მიმავალ ენმ-ის აქტივისტ არსენა კასაშვილს ქართული ოცნების მხარდამჭერები გზაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულის დაუსჯელობა კიდევ უფრო ახალისებს მსგავს ქმედებებს. ამას ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები ემატება, რაც დანაშაულის მორალური გამართლებით ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს” – ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI), მედიის განვითარების ფონდის (MDF), საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინტიტუტის (TDI) და დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტის (IDSD) განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოები მხოლოდ გამოძიების დაწყებით არ შემოიფარგლებიან და სათანადო რეაგირებას მოახდენენ. მათი შეფასებით, ძალადობის პრევენცია უაღრესად მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიან და თანაბარ გარემოში ჩასატარებლად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის ოფისს თავს გუშინ ღამით დაესხნენ, გატეხილია ოფისის ვიტრინა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის #2 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ენმ-ის ვაკის ოფისზე თავდასხმა ხელისუფლების ხელწერაა. ხოშტარია ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციაზე ძალადობს.

banner
წინა სტატიაში“პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიასთან აქციისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიამოსკოვის ქმედება მიმართული იყო თვითმფრინავის ჩამოგდებისკენ