NGO-ები ენმ-ის ოფისზე მომხდარი თავდასხმის დროულ გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურებიან და სამართალდამცველებს ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობრივი ქმედებები ხელს უშლის პოლიტიკური პროცესების მშვიდ და სტაბილურ გარემოში წარმართვას.

„მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ დედოფლისწყაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სროლის შედეგად დამსხვრეულია ოფისის ფანჯრის მინები, დაზიანებულია კედლები და საოფისე ავეჯი. აღსანიშნავია, რომ ოფისის მესაკუთრე იმავე შენობაში, მეორე სართულზე ცხოვრობს. მისი განცხადებით, მომხდარი ფაქტი 10 დეკემბერს დილით დააფიქსირა და აღნიშნულის თაობაზე პოლიციას შეატყობინა.

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი ესაუბრა ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს პარტიის ლიდერს, ლევან ბაღაშვილს, რომლის განცხადებითაც ოფისის დაცხრილვა ღამის საათებში მოხდა და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ამავე შენობაში განთავსებულია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა კედელაშვილის ოფისი. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ოფისის დაცხრილვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დედოფლისწყაროს სამმართველო იძიებს.

აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმის შემთხვევები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშიც დაფიქსირდა, როდესაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში თავს დაესხნენ და დააზიანეს პარტიის ოფისები. რიგ შემთხვევაში, აჭედეს შენობის კარი და შეღებეს ოფისის ფასადები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოვუწოდეთ.

ძალადობრივი ქმედებები ხელს უშლის პოლიტიკური პროცესების მშვიდ და სტაბილურ გარემოში წარმართვას, და რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკურ ძალებისათვის ნორმალურ სამუშაო გარემოს, არამედ ოპოზიციაში მყოფი პირების უსაფრთხოებასაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ ამ და სხვა ძალადობრივი ინციდენტების სწრაფი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს წერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირს შეხვდა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ხელის გულზე დავულაგებ მედიას ყველაფერს