NGO-ები: ასეთი შემთხვევები ხელს საქართველოს მტერ რუსეთს აძლევს

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გივი თარგამაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტს გმობენ. მათი მოსაზრებით, ამ ქმედების მთავარი ამოცანა ქვეყანაში საყოველთაო არეულობისა და დაძაბულობის შემოტანაა. არასამთავრობოების განცხადებით, დესტაბილიზაცია ხელს საქართველოს მტერ რუსეთის ფედერაციას აძლევს.

“საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გივი თარგამაძის ავტომანქანა სამშაბათს საღამოს ორბელიანის მოედანთან ააფეთქეს. გივი თარგამაძისა და მისი მძღოლის გარდა, სამწუხაროდ, დაშავებულთა შორის არის ხუთი ადამიანი, რომელთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. აღნიშნული ქმედება მიმართულია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, არამედ მიზნად ისახავს ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოებრივი საფუძვლების შერყევას. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის ცენტრში მსგავსი ტიპის თავდასხმის მთავარი ამოცანა საყოველთაო არეულობისა და დაძაბულობის შემოტანაა.

ვინც არ უნდა იდგეს აღნიშნული ტერაქტის უკან, მისი შესაძლო სავალალო შედეგები და დესტაბილიზაცია ხელს აძლევს საქართველოს მტერს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციას, რომელიც ოკუპაციის გარდა აწარმოებს მასშტაბურ ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ”, – წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცველ ორგანოებსა და ხელისუფლებას, მიიღონ ადეკვატური ზომები და გამოიყენონ ყველა საშუალება, რათა გამოძიება უმოკლეს დროში დასრულდეს და დამნაშავენი წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. “აღნიშნული ტერაქტის ეფექტური და დროული გამოძიება, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია დაზარალებულთათვის. ის ასევე აუცილებელია სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებისა და დაცვისთვის, ვინაიდან ტერაქტის დროული და ეფექტური გამოძიება ხელს შეუწყობს საქართველოს წინაშე მდგარი სერიოზული რისკებისა და საფრთხეების მაქსიმალურად განეიტრალებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).]

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ჩემს დასახვედრად აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი და პატივცემული პატრიარქი მივიდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია”
შემდეგი სტატიაშს სამინისტრო გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს