“NEW VISION” ჰოსპიტალის კანცლერი – მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება


მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ჩავერთოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საზოგადოებას აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. ჩვენ დრეს პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ ინფორმაცია საწოლფონდის და სასუნთქი აპარატების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სახელმწიფოში კოორდინირებულად წარიმართოს მუშაობა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. ჩვენი საწოლფონდი არის 125 საწოლი, რომელიც მოიცავს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 26 საწოლს და ასევე, დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 18 სასუნთქი აპარატი, – ამის შესახებ “NEW VISION” საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კანცლერმა ეკატერინე აზარაშვილმა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებული საჭიროებების შესახებ, მათ შორის, აუცილებელ სახარჯ მასალებთან დაკავშირებით, რაზეც მათ მთავრობამ მხარდაჭერა აღუთქვა.

„დღესვე, ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ყველა კლინიკას და ეს ეხება აუცილებელი სახარჯი მასალების დეფიციტს ბაზარზე და მივიღეთ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს რათა მოხდეს კლინიკების შესაბამისი სახარჯი მასალებით აღჭურვა. ასევე, მინდა, მოვუწოდო მომწოდებელ კომპანიებს, რომ ასეთ დროს, მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია სახარჯი მასალების სწორი განაწილება და თუ აქვთ 10 000 ან 20 000 პირბადე, ან სადეზინფექციო ხსნარი ერთ ან ორ კლინიკაზე არ უნდა მოხდეს ამის განაწილება, ეს არ ნიშნავს სწორ განაწილებას. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ რთულ სიტუაციაში მოახდინონ მათ საჭირო სახარჯი მასალების სწორი განაწილება,“- აღნიშნა “new vision” საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კანცლერმა ეკატერინე აზარაშვილმა.

მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას იმ ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კერძო კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ
შემდეგი სტატიატიკარაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება