ნესტან ლონდარიძე – საქმის მასალების მიხედვით, ნატალია ილიჩოვას ბრალი უკანონოდ აქვს წარდგენილი

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს პროკურატურაში საქმის მასალები გადაეცათ.

სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს გამოძიებამ საქმის მასალები გადასცა, მათ შორის იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც ბოლო დღეებში გამოიკითხნენ პროკურატურაში.

„გადმოგვეცა ბოლო დღეების განმავლობაში წარმოებული გამოკითხვის ოქმები, ჯერ ამ მასალას არ გავცნობივარ, მაგრამ ჩვენი მოსაზრებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტებია, მათ შორის არის დავით გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი ილარიონის გამოკითხვის ოქმი. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი მხარისთვისაც. გამოკითხულია ერთ-ერთი მესაზღვრეც, რომლის შინაარსს ჯერ არ ვიცნობ.

მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, იმ მასალების მიხედვით, რასაც გავეცანი და რაც საქმეშია, ბრალი არის უკანონოდ წარდგენილი. ამ საქმეში იკვეთება პოლიტიკური სარჩული. ვფიქრობ, ამის დადასტურებას უახლოეს მომავალში შევძლებთ“, – განაცხადა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ საჭიროა დაიკითხოს ყველა ის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირი, რომელსაც შესაძლოა, ამ საქმესთან რაიმე ტიპის შეხება ჰქონდა.

საქმის მასალები გადაეცა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას კიდევ ერთ ადვოკატს, გიორგი მახარაძეს, რომელიც საქმეში გუშინ ჩაერთო. მისი განცხადებით, საქმეში არაერთი პირის ჩვენება მიუთითებს, რომ ნატალია ილიჩოვა უდანაშაულოა.

„დისკით გამომეცა ყველა ის მასალა, რაც გამოძიებას აქამდე აქვს შეგროვებული, მათ შორის არის ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები. ასევე, საგამოძიებო ორგანოში ინახება რუკები და როგორც პროკურორმა ამიხსნა, ვერ ხდება მათი გადმოცემა, რადგან დიდფორმატიანია, თუმცა შემომთავაზეს, როდესაც დაცვის მხარეს დასჭირდება, მოვიდეთ და გავეცნოთ. ერთადერთი, რაც მაღალჩინოსნების ჩვენებებიდან შემიძლია გითხრათ, არის ნოღაიდელის ჩვენება, რომელსაც არ გავცნობივარ.
გამოძიება გვედავება, თითქოს იმდაგვარად შეთანხმდა საზღვარი, რომ პოტენციურად ზიანი მიადგებოდა ქვეყანას თავის ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბატონი ხიდაშელი რასაც საუბრობს, არის ის, რომ მას რაღაც რუკის მოძიება ჯერ ერთმა ადამიანმა სთხოვა, მერე მეორემ და ასე შემდეგ. სისხლის სამართლის საქმისთვის ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა, თუმცა საინტერესოა, ვინ მიმართა და ვინ იყო ჩაბმული ამ რუკებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმასთან მიმართებით, რაც ხიდაშელმა წარადგინა, თუ უკეთესაც წარმოადგენს, მოხარულები ვიქნებით.

არის ძალიან ბევრი ჩვენება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე, მათ შორის მისი თანამშრომლების, კომისიის წევრების, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩვენებები, რომელთა მიხედვითაც, დასტურდება აღნიშნული რუკის არსებობა. აბსურდია ამ რუკის არარსებობაზე საუბარი, რადგან თავად გამოძიებამ ამოიღო. ქალბატონ გაბუნიას როდის გადაეცა, ეგეც დოკუმენტირებულია. როცა გედავებიან რომ მალავდი და 2013 წელს გადასცა“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

პარალელურად ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ, რომელიც ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას შეეხება.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ადამიანი იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოსა და ჩვენი გუნდის ყურადღების ცენტრში
შემდეგი სტატიაერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება