ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელში მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.
სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ,” – წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.