ნედ პრაისი – დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ “პოდიუმიდან გაკეთებული განცხადებები ქართველ კოლეგებთან უფრო პირდაპირ განხილვაზე მეტყველებს”.

მანამდე მას ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ჰკითხა, ქონდა თუ არა სახელმწიფო დეპარტამენს ან აშშ-ის საელჩოს რაიმე სახის კომუნიკაცია საქართველოს ამჟამინდელ პრემიერთან ოპოზიციის ლიდერის დაკავების თაობაზე და რა მოხდება ამის შემდეგ – განიხილება თუ არა სანქციები აშშ-ის მხრიდან.

“ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს დემოკრატიისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება იმის უზრუნველყოფით, რომ სასამართლო და პროკურატურის სისტემები პოლიტიკური მიკერძოებულობისაგან თავისუფალ იყოს. ფაქტი, რომ ამ ყველაფერს პოდიუმიდან ვამბობ, იმის მანიშნებელია, რომ უფრო პირდაპირი განხილვა გვქონდა მეორე მხარესთან, მათ შორის საქართველოში. ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებისას ყოველთვის ჩვენს ღირებულებებს ვიღებთ მხედველობაში. არის ფასეულობები, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ესენია: თავისუფლება. კანონის უზენაესობა, საპროკურორო სისტემა, რაც არის დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენისგან”, – თქვა პრაისმა.

ჟურნალისტის კითხვას, ემუქრება თუ არა დაკავებები საქართველოს სწრაფვას NATO-სკენ, პრაისმა უპასუხა, რომ განვითარებული მოვლენები ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება და მომავალში კიდევ დააკვირდებიან განვითარებებს.

“რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. არ მინდა ამაზე შორს წავიდე. რასაც ვიტყვი, ისაა, რომ ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მომდევნო საათებისა და დღეების განმავლობაში. საიდუმლო არ არის, თუ რას ვფიქრობთ, რომ საჭიროა, მოხდეს საქართველოში. ვნახავთ, ეს ასე იქნება თუ არა”, – თქვა სპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიგეგელია – ღარიბაშვილმა მიაღწია სანუკვარ ოცნებას, ქვეყენა მოქცეულიყო საერთაშორისო იზოლაციაში
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები – სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ფორმით აღსრულება არასწორია