ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის მომხრეა, პოლიტიკური პროცესი იყოს არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში, მაგრამ ამ შემთხვევაში, შიდა კონტექსტი პარლამენტში მუშაობას შეუძლებელს ხდის

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგი წერეთელის განცხადებით, ეუთო, ისევე როგორც ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის არის მომხრე, რომ პოლიტიკური პროცესი არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში გაიმართოს. თუმცა, როგორც წერეთელი ამბობს, შიდა კონტექსტი პარლამენტში მუშაობას შეუძლებელს ხდის.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეუთოც და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის არის მომხრე, რომ პოლიტიკური პროცესი არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში იყოს. ჩვენც ძალიან გაგვიხარდებოდა, ეს პროცესი გაიმართოს პარლამენტში, მაგრამ სამწუხაროდ, ასე ჩატარებულმა არჩევნებმა ამის საშუალება არ მოგვცა. ეუთო-მ თავის დასკვნაში ძალიან მკაფიოდ თქვა, გარდა იმისა, რომ ეწერა, არის კონკურენტუნარიანი არჩევნები და ფუნდამენტური უფლება იყო დაცული, აღნიშნა, რომ იყო ზეწოლა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა და ნებისმიერი საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იქნება მომხრე იმისა, რომ შედგეს პარლამენტი, იყოს საპარლამენტო მუშაობა და ა.შ. არსებობს კონტექსტი ქვეყანაში, რომელიც გეუბნება, რომ ამის საშუალება არ არის სამწუხაროდ იმის გამო, როგორც ჩატარდა არჩევნები და ეს არის პრინციპში უნიკალური მოვლენა, როდესაც ყველა, მთელი პოლიტიკური სპექტრი არის ერთ აზრზე. ეუთოც და სხვაც ყოველთვის გეტყვის და მოგიწოდებს იმისკენ, რომ კონსტრუქციულად წარიმართოს პროცესი. იქ არის საუბარი იმაზე, რომ უნდა დაიძლიოს ეს ჩიხი და რა თქმა უნდა, რეკომენდაცია შეიძლება იყოს საპარლამენტო ასამბლეადან, რომელიც იმისთვის არის შექმნილი, რომ პარლამენტების მუშაობა გაძლიერდეს. ეს რეკომენდაციები კიდევ გეუბნებით, იქნება ყოველთვის და მთავარია, ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

ეს არის მანდატი ამ ორგანიზაციის, იმუშაოს იმისთვის, რომ საპარლამენტო საქმიანობა იყოს აქტიური ყველა ქვეყანაში და პარლამენტები გაძლიერდეს. იქ არიან ადამიანები, ინდივიდუალური ხედვაც აქვთ, ეს არ არის მთელი ორგანიზაციის ხედვა, ეს ერთი. მეორეც, ის, რომ ბევრი დარღვევა იყო, ამაზეც ისაუბრა ეუთო-მ. ამიტომ, შიდა კონტექსტია აქ მნიშვნელოვანი და შიდა ქონტექსტი არის იმგვარი, რომელიც სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის პარლამენტში მუშაობას. ვფიქრობ, იქიდან დანახული და მისი ინდივიდუალური მოსაზრება არის სხვა, ასეთ შემთხვევაში, თითქმის ყველა გააკეთებდა იმავე განცხადებას, რომ პარლამენტში სჯობს მუშაობა, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს არ არის თანხვედრილი იმ კონტექსტთან, რომელიც არის ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – დედამიწის ზურგზე ვერავინ, ვინც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, ვერ გვიბრძანებს გაყალბებულ პარლამენტში შესვლას