“ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები” – ახალი შეთავაზება კალაძეს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. თანხმობის შემთხვევაში კი ელისაშვილი მზადაა კალაძეს ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს.

”ჩემს ძირითად კონკურენტს, კახა კალაძეს, გუშინ შევთავაზე პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ ტელევიზიაში დაჯდომა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით მივიღე უარი. კალაძე ნამდვილად არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. გულწრფელად ვგულშემატკივრობდი კიევის ”დინამოშიც”, ”მილანშიც” და ღამეები მითენებია მისი თამაშების ყურებაში. ამაყი ვიყავი, როდესაც ვუყურებდი, რომ ასეთი ქართველი თამაშობდა. მე კიდევ, მთელი ცხოვრება, თბილისის პრობლემების კვლევით ვარ დაკავებული. ვიყავი ”ტფილისის ჰამქრის” თავმჯდომარე, ვიყავი თბილისის საკრებულოს წევრი. კახის რომ შემოეთავაზებინა ფეხბურთში შეჯიბრი, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი და ერთი წამითაც არ დავუშვებდი, რომ შესაძლოა სტადიონზე შევჯიბრებოდი. მაგრამ, მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბური კამპანია აქვს კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემო კახი, ყველა ბილბორდი შენ გაქვს (მე ასეთი ფული არ მაქვს, არც ადმინისტრაციული რესურსი მაქვს, არც მილიარდერი მეგობარი მყავს), ამის მიუხედავად დემოკრატიას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ აუცილებელია, მერობის კანდიდატები დებატებში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ძალიან იაფია. თანაბარი მოცემულობაა – ვინ უფრო მდიდარია, ვინ უფრო ღარიბია, არ აქვს მნიშვნელობა. ორივე უნდა იყოს დებატებში და უნდა დაამტკიცოს თავისი პოზიციის მართებულობა. ჰოდა, გიწვევ დებატებში, ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში დავჯდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და შემდეგ, პირობას გაძლევ, რომ აირჩიო სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ველოდები დებატების ადგილს და ველოდები სტადიონს”, – აცხადებს ელისაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც სტადიონზეა ჩაწერილი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმე – ადვოკატი გიორგი ფანცულაია დღეს პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : მოსახლეობას მომდევნო კვირის დასაწყისში ეცოდინება, იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე