“ნებისმიერ საკითხს, რომელიც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეეხება, აუცილებლად შევისწავლით”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, ლევან ვარშალომიძე 18 ივლისს „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ამომრჩევლების მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებს შეეხებოდა.

„ჩვენ ლევან ვარშალომიძე დავიბარეთ დამატებითი ონფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენის თხოვნით. ჩვენ შევისწავლით მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. ასევე საჭირო იქნება დამატებითი პირების, ანუ ხელშეკრულების მეორე მხარის გამოკითხვა და შემდგომ გვექნება საშუალება შეფასდეს, არსებობს თუ არა კანონდარღვევა. ამ ეტაპზე მოკვლევა გრძელდება”,- განაცხადა აზნაურაშვილმა.

ამასთან, ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, თავად ხელშეკრულების დადების ფორმასთან და პროგრამასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ შეკითხვები ვარშალომიძესთან.

აზნაურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. ენმ-ის წევრებს უჩნდებათ კითხვა, რატომ არ მიმართავს აუდიტის სამსახური მსგავსი კითხვებით პრემიერ-მინისტრს, რომელმაც დევნილებს მისცა დაპირება საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით. აზნაურაშვილის თქმით, აუდიტი ნებისმიერ საკითხს შეისწავლის, რომელიც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეეხება.

„ასეთი ფაქტები თუ იქნება სხვა პირების მხრიდანაც, აუცილებლად შევისწავლით. მთავარია არ მოხდეს თანამდებობასთან დაკავშირებული საკითხებისა და საარჩევნო საკითხების ერთმანეთში აღრევა. ასეთი ფაქტები ერთეული შემთხვევები არ ყოფილა. მსგავსი დაპირებაც და ბინების გადაცემაც დევნილებისთვის არაერთხელ მომხდარა რამდენიმე წლის განმავლობაში და თუნდაც იგივე აჭარის ბიუჯეტიდან. თუმცა ნებისმიერ საკითხს, რაც შეეხება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, აუცილებლად შევისწავლით”’-აღნიშნა აზნაურაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“იმისთვის, რომ ყველამ საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა, მკაფიო ხედვა გაგვაჩნია”
შემდეგი სტატიაავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა