NDI – საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა

საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა; წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული იყო, ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით, – ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის ანგარიშშია საუბარი, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ეხება.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის დასკვნით, რომელიც პროცესს აანალიზებდა, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო და ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით ხასიათდებოდა.

„დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია.

ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია და მას ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს. მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და შეიძლება ითქვას, ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ დამკვირვებლები.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანახმად, კენჭისყრის დღემ საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილში ძირითადად მოწესრიგებულ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.

„საუბნო საარჩევნო წევრები საკუთარ მოვალეობებს გამჭვირვალედ ასრულებდნენ. ამომრჩევლის აქტივობამ 56.23 პროცენტი შეადგინა, რაც პირველი ტურის მაჩვენებელს აღემატება. გამოვლინდა ხმის რამდენჯერმე მიცემის და ხმების დათვლის პროცესის მანიპულირების ერთეული, თუმცა სერიოზული შემთხვევები – რაც NDI-ის დამკვირვებლების მიერაც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების სრულყოფილი გამოძიება მართებს.

წინასწარი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.54 პროცენტი, ხოლო 11 ოპოზიციური პარტიის კოალიციის – “ძალა ერთობაშია” – კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – გრიგოლ ვაშაძემ – 40.46 პროცენტი მიიღო. ამ შედეგების სიზუსტეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებიც ადასტურებს, რომლიც მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.1, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.9 პროცენტი მიიღო. საბოლოო შედეგების გამოცხადებასა და საჩივრების განხილვამდე დელეგაცია ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ და ზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ.

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, დელეგაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

„ძალადობის დაფიქსირებული შემთხვევები გულდასმით და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დროულად უნდა დაისაჯონ, რათა ამით მსგავს შემთხვევებზე ნულოვანი ტოლერანტობის ძლიერი და ცალსახა გზავნილი იქნას გაგზავნილი; ამომრჩევლების ნდობის მოპოვებისა და დემოკრატიულ პროცესებისადმი რწმენის განმტკიცებისთვის პარტიებმა კონსტრუქციული და საკითხებზე ორიენტირებული პლატფორმები უნდა შეიმუშავონ;

პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, პოლარიზაციასა და უნდობლობის საპასუხოდ მთავრობამ ისეთი ფორმატის ჩამოყალიბებაზე უნდა იფიქროს, სადაც სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი და შეთანხმება მოხდება;

მედია გარემოს პოლარიზაციის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რომ შეიცვალოს მოტივაციის სისტემა და მეტი ძალისხმევა ჩაიდოს ჟურნალისტიკის

გაუმჯობესებაში. საერთაშორისო დონორებმა რეგიონული მედიისა და დამოუკიდებელი მაუწყებლების მხარდაჭერის გაზრდა უნდა განიხილონ;

პარლამენტმა უნდა გააძლიეროს მამხილებლების დაცულობა, რათა შევიწროების მსხვერპლნი ღიად საუბრისკენ წაახალისოს. მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნებამდე ამ საკითხებზე სამართალდამცავი ორგანოებისა და სადამკვირვებლო ჯგუფების თანამშრომლობის გაუმჯობესება;

პარლამენტმა უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით საკმარისი ფინანსური რესურსი უნდა გამოუყოს; ასევე უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ საკითხებზე: შემოწირულობის რეგულაციების დახვეწა, რომელიც პარტიებთან ან საარჩევნო სუბიექტებთან არააფილირებულ შემომწირველებს მათ შემოწირულობასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულს გახდის; და აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების გაზრდა, რაც მას გამოძიების ჩატარების, მათ შორის – გამოუცხადებლობის შემთხვევაში სანქციების დაკისრების საშუალებას მისცემს“,- ნათქვამია NDI-ის განცხადებაში

banner
წინა სტატიაში“დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე… ეს შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – დარღვევებზე შეიძლება ილაპარაკო საქმიანად, გიორგი მარგველაშვილის პათოსი არ შეესაბამება პრეზიდენტის პათოსს