NDI საერთაშირისო დელეგაცია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 30 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად საერთაშორისო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. დელეგაციას ხელმძღვანელობენ: პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იანუშ ონიშკევიჩი; ყოფილი ელჩი და საგარეო სამსახურის ოფიცერი როს უილსონი, დიპლომატი მარგო სქუერი; “ევროპის დემოკრატიის ფონდის” პროგრამის ოფიცერი კრისტინა ვაიჩიუნაიტე და NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიგნებებს, რომლებიც საქართველოს ოქტომბერსა და ივნისში სტუმრობდნენ; ასევე გრძელვადიანი ანალიტიკოსების დაკვირვებებს, რომლებიც საქართველოში აგვისტოდან იმყოფებიან.

თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დელეგაციის წევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან. არჩევნების დღეს დელეგატები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.

მისიის მიგნებები NDI-ის შემაჯამებელი ანგარიშის ნაწილი იქნება, რომელიც მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

NDI-ის დელეგაცია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სადამკვირვებლო დელეგაციას“ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) აფინანსებს.

banner
წინა სტატიაშიინგა პავლოვა შალვა ნათელაშვილის ჰააგაში ივანიშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმიანება
შემდეგი სტატიაბერლინში ,,ჰიტლერის ბუნკერი,, აღადგინეს… (VIDEO)