NDI: მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი მაინც ტყუილია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი მაინც ტყუილია. ამასთანავე, მოსახლეობის 60 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ტყუილის სიმართლისგან გარჩევა შეუძლია.

კვლევაში მონაწილე მოქალაქეების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა ყველაზე გავრცელებულ დეზინფორმაციულ მოსაზრებებს, მათ შორის იმას, რომ: ევროკავშირმა კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი წევრი ქვეყნები მარტო დატოვა (54 % არ ეთანხმება), რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება (60 % არ ეთანხმება), რომ 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან (45 % არ ეთანხმება).

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილს ამ მოსაზრებების სჯერა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი გადაჭრით ვერ ამბობს, შეესაბამება თუ არა ეს დებულებები სიმართლეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დეზინფორმაციულ კამპანიებს მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევა შეუძლია – აღნიშნულია კვლევაში.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა.

მოქალაქეების 66 % ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო
ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევა: ინფოდემიის ფონზე მოსახლეობა ყველაზე მეტად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სხვა ოფიციალურ წყაროებს ენდობა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოსახლეობის 76 % ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა – NDI-ის კვლევა