ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ახალი ადგილობრივი მთავრობა ყველაზე ცუდად თავს საგზაო მოძრაობის საკითხს გაართმევს. 46% ფიქრობს, რომ ამ საკითხს ახალი მთავრობა საშუალოდ გაართმევს თავს, 21%-ის აზრით, კარგად, 4%-მა კი არ იცის, როგორ გაართმევს თავს მთავრობა ამ საკითხს.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 27% ფიქრობს, რომ ახალი ადგილობრივი მთავრობა თავს ცუდად გაართმევს მშენებლობებზე ზედამხედველობას, 24%-ის აზრით, კარგად გაართმევს, 43% – საშუალოდ აფასებს, ხოლო 6%-მა არ იცის.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 20%-ის აზრით, ახალი ადგილობრივი მთავრობა ცუდად გაართმევს თავს ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირერბისთვის, 51%-ის აზრით – საშუალოდ, 22%-ის აზრით – კარგად, ხოლო 7%-მა არ იცის.
გამოკითხულ რესპონდენტთა 34% ფიქრობს, რომ ახალი ადგილობრივი მთავრობა კარგად გაართმევს თავს საბავშვო ბაღის საკითხებს, 45% ფიქრობს, რომ საშუალოდ, 14% – ცუდად, 7%-მა არ იცის.
კვლევაში მონაწილეთა 31% მიიჩნევს, რომ ახალი ადგილობრივი მთავრობა კარგად გაართმევს თავს პარკებისა და გამწვანების საკითხს, 30% ფიქრობს, რომ კარგად გაართმევს თავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხს, ხოლო 28%-ს მიაჩნია, რომ ახალი ადგილობრივი მთავრობა კარგად გაართმევს თავს ქუჩების ინფრასტრუქტურას.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.