NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისიას იწყებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი შეფასების მისია დაიწყო. ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი თანაშემწეებისგან შედგება.

გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 22 ივლისის კვირაში ჩამოვიდნენ და საქართველოში ნოემბრის ჩათვლით დარჩებიან.

“გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიასა და საინფორმაციო გარემოს, აგრეთვე გენდერისა და ინკლუზიის საკითხებს.

გუნდი ასევე შეხვდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს”, – აცხადებს NDI.

მათივეცნობით, აღნიშნული მისია არის NDI-ის წინასაარჩევნო შეფასების მისიის გაგრძელება და წარმოადგენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ორგანიზებული ფართო საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო პროგრამის ნაწილს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა.

“NDI-ის გრძელვადიანი შეფასების მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპთან დაკავშირებით ვიტყვი ერთს, რომ ერთი საერთო გვაქვს ჩვენ და დონალდ ტრამპს – კობახიძე
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის კამპანიამ ფედერალურ საარჩევნო კომისიაში კამალა ჰარისის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა