NCDC – ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია მშვიდდება, თუმცა ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ კორონავირუსული ინფექცია დამარცხდა.

გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველო „სერიოზული სტაბილიზაციის გზაზეა“.

„10-12-ჯერაა შემცირებული ახალ შემთხვევათა რაოდენობა, ასევე 10-ჯერ შემცირებულია ინციდენტობის მაჩვენებელი. შემცირებულია ტესტირებიდან დადებითობის მაჩვენებელიც და ბოლო სამი თვის განმავლობაში დღეს გვაქვს ყველაზე კარგი – 1.07, გუშინ ქვეყანაში ჩატარდა ტესტების რეკორდული რაოდენობა, 35 ათასამდე ტესტი.

ეპიდსიტუაცია სერიოზულად მშვიდდება, თუმცა დამშვიდებული სრულად არაა. სტაბილიზაციის გზაზე ვართ. ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან გასული ერთი წელი შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს „სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაქსიმალურად კარგი შედეგი ჰქონდა და მანამდე ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა“.

„მთელი რიგი ნორმატიული აქტები, მოსამზადებელი სამუშაოები, სამედიცინო სექტორის მზადება საკმაოდ ადრე დაიწყო. ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ ადრეული, დროული და მულტისექტორული პასუხი ამ გამოწვევაზე. ამან გამოიწვია ის შედეგი, რომ დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებამდე ერთ-ერთი საუკეთესო პარამეტრები გვქონდა და მსოფლიოს პირველ ხუთეულში შევდიოდით.

შემდეგ შეგვექმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, რეკომენდაციას აღარ იცავდნენ, ამას დაემატა დიდი პოლიტიკური პროცესი – წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დიდი მობილობა იყო, ასევე თვითონ არჩევნები, არჩევნების შემდგომ პერიოდში კი მობილობა გაზრდილი იყო სხვადასხვა დიდი შეხვედრის და შეკრების ხარჯზე. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სერიოზული მეორე ტალღა და დაზიანება მიიღო ქვეყანამ. თუ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვიყავით პირველ ხუთეულ ქვეყანაში, ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც პიკზე ვიყავით, გადავინაცვლეთ პირველ ადგილზე, ოღონდ უარესი მაჩვენებლებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმურმან დუმბაძე – პარლამენტთან პოლიტიკური პარტიებისთვის არ მოვსულვართ, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა, რა დროს პარტიებია
შემდეგი სტატიამედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი – ვახო სანაიას საქმე