ნაზი ჯანეზაშვილი – ზაზა ხარებავა და ირაკლი შენგელია თუ ახლობლები იყვნენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა

თუ ზაზა ხარებავა და ირაკლი შენგელია იყვნენ ახლობლები, ამის შესახებ უნდა განეცხადებინათ და ერთმანეთთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში არ მიეღოთ მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ზუსტად ისაუბროს, რის მიხედვით მიიღო პარლამენტმა ზაზა ხარებავას იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევის გადაწყვეტილება და იყო თუ არა ხარებავას დანიშვნა არალეგიტიმური.

„მე უფრო დიდ პრობლემას ვხედავ სხვა რამეში, „მონიტორის“ ფილმში თავად ხარებავა საუბრობს, რომ მას ირაკლი შენგელიასთან აკავშირებს ნათელმირონობა. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, საქართველოში ეს კავშირები ხშირად არის ძალიან ახლო. როცა სხვა წევრებს ჰქონდათ მსგავსი ტიპის ინტერესთა კონფლიქტი კონკურსების დროს, არ იღებდნენ მონაწილეობას იმ კანდიდატებთან მიმართებით, თუ მათთან ჰქონდათ რაიმე ტიპის ახლო ურთიერთობა და ასეთივე კავშირი. ხარებავას და ირაკლი შენგელიას მთელი ამ ხნის განმავლობაში, უკვე ორი წელი იწურება, რაც საბჭოს წევრია, არ განუცხადებიათ არც ერთხელ, რომ მათ ჰქონდათ ეს კავშირი და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც მაგალითად ირაკლი შენგელია უვადოდ დაინიშნა მოსამართლედ“, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ იმაში ხედავს პრობლემას, რომ ხარებავამ ხმა მისცა ირაკლი შენგელიას და რომ არა მისი მხარდაჭერა, ირაკლი შენგელია ვერ გახდებოდა უვადო მოსამართლე, რადგან ერთი ხმა დააკლდებოდა.

„პრობლემას აქ ვხედავ. თუ ისინი იყვნენ ასეთი ახლობლები, ამის შესახებ ორივეს უნდა განეცხადებინა და ერთმანეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში არ მიეღოთ მონაწილეობა. საპირისპიროდაც მოხდა იგივე. ზაზა ხარებავა არის იურიდიული სამსახურის ბორდის წევრი და იქ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა. იმ შემთხვევაში შენგელიამ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და აქტიურად ლობირებდა. ანუ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვიყავით სიცრუეში, არ ვიცოდით მათი ახლობლობის შესახებ. მით უმეტეს ჩნდება ეჭვები, რომ შესაძლოა, სწორედ ამიტომაც მოხვდა ის საბჭოში. ისე იღებდნენ გადაწყვეტილებებს ერთმანეთთან დაკავშირებით, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა. ვფიქრობ, საბჭოს აქვს გარკვეული საფუძველი, რომ ყველა იმ გადაწყვეტილებას გადახედოს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

თავად ზაზა ხარებავა აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მისი არჩევა არალეგიტიმური იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხარებავა აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში მისი არალეგიტიმურად წარდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაპანკისში საგანგებო თათბირი დასრულდა – სახალხო კრება განცხადებას გააკეთებს