ნაზი ჯანეზაშვილი – მთავარია დაუმტკიცო ერთგულება კლანს და უვადო მანტია უკვე გარანტირებული გაქვს

მთავარია დაუმტკიცო ერთგულება კლანს და უვადო მანტია უკვე გარანტირებული გაქვს,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოში უვადოდ განწესების მსურველი მოსამართლეთა კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უვადოდ გამწესების მსურველმა 48 მოსამართლემ საბჭოს დაახლოებით ერთი წლის წინ მიმართა თხოვნით, თუმცა საბჭომ მათი განცხადებების განხილვა ხელოვნურად გააჭიანურა.

ჯანეზაშვილის შეფასებით, საბჭოს ეს ქმედება გაურკვეველია, რადგან იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებთან დაახლოებული მოსამართლეების საკითხების განხილვა გაცილებით სწრაფად ხდება.

ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, რამდენიმე თვის წინ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვასილ მშვენიერაძემ მოსამართლეებს შიდა ქსელში მოუწოდა, შეეფასებინათ ანა დოლიძისა და მისი განცხადებები.

საბჭოს არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ მოსამართლეები კენჭისყრამდე საბჭოს არამოსამართლე წევრებს დაუპირისპირდნენ, რათა საბჭოს სხვა წევრებისთვის თავი მოეწონებინათ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს განიხილავს იმ მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის საკითხს, რომელთა უმრავლესობამაც მოგვმართა გასული წლის თებერვალსა და შემდგომ პერიოდში. იუსტიციის საბჭომ ხელოვნურად, ერთი წლით შეაჩერა უვადოდ დანიშვნები მაშინ, როდესაც ინიშნებოდნენ ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი შენგელია და სხვები. მათი საკითხი განიხილეს დაახლოებით, 3 ან 5 თვეში მაქსიმუმ. როდესაც საქმე ეხებოდა, როგორც დიმიტრი გვრიტიშვილი უწოდებს, უბრალო მოსამართლეებს, მათი საკითხი ხელოვნურად, ერთი წლით გააჭიანურა. საინტერესო დეტალი ის არის რომ, უმრავლესობა იმ მოსამართლეებისა, რომელთა საკითხიც დღე აქ იხილება, დანიშვნებამდე ინტერნეტის შიდა ქსელში მე და ანა დოლიძეს გვიპირისპირდებოდნენ და აყვნენ ვასილ მშვენიერაძის მოწოდებას, როდესაც ის მიუთითებდა, რომ გამოეთქვათ მოსაზრება ჩემი და ანა დლიძის შესახებ. ვფიქრობ, ეს მოსამართლეები ცდილობენ, კლანს დაუმტკიცონ ერთგულება ინტერნეტში გამოთქმული განცხადებების მეშვეობით”,- განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა

banner
წინა სტატიაში21 ოპოზიციური პარტია კამპანიას „მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“ იწყებს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ქაშუეთის ეზოში ლადო ბედუკაძე სცემეს!