ნაზი ჯანეზაშვილი – გაუგებარია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები რა კრიტერიუმით აირჩნენ, რა ნიშნით მოიპოვეს მაღალი მხარდაჭერა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით ვაპირებ, პარლამენტს წარვუდგინო ჩემი განსხვავებული აზრი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯანეზაშვილი საბჭოში წარმართულ პროცესს წინასწარ შეთანხმებულს და სპექტაკლს უწოდებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრი იმ გვარებსაც ასახელებს, რომელიც მისი აზრით, გაუგებარია, რატომ მოხვდნენ სიაში.

„პროცესი ჩანს, რომ არის ძალიან კარგად, წინასწარ დაგეგმილი, რადგან სიაში მოხვდნენ ძალიან კონტრასტული ადამიანები. ჩემთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით აირჩნენ, მაგალითად, ვლადიმერ კაკაბაძე. გასაუბრებაზე იქცეოდა სრულიად არასერიოზულად, მოსამართლისთვის შეუფერებლად და ძალიან სამარცხვინოდ. სიაში ბევრი ასეთი ადამიანი მოხვდა, მაგალითად, ერემაძე. არ ვფიქრობ, რომ იგი იმსახურებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენას, ვინაიდან დიდი კვალიფიკაციით არ გამოირჩეოდა გასაუბრების დროსაც. კონტრასტულში ვგულისხმობ იმას, რომ სავარაუდოდ ამ სიაში რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა ჩავარდება. წინასწარ იციან, რომ ჩავარდება და ეს ყველაფერი იქნება ერთგვარი სპექტაკლის ნაწილი, რომ ვიღაცები თანამდებობაზე დაინიშნებიან, ვიღაცები ვერ. ასეთები არიან გოჩა ჯეირანაშვილი, მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე. ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ. ბევრად უფრო კვალიფიციური და გამოცდილი ხალხი მონაწილეობდა ამ გასაუბრებაში და კონკურსში გაუგებარია, რა ნიშნით მოიპოვეს მათ ასეთი მაღალი მხარდაჭერა. ვაპირებ, რომ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინო განსხვავებული აზრი ამ სიასთან დაკავშირებით. არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩემს მოსაზრებას გაითვალისწინებენ. სხვა შედეგი ამას რომ არ მოჰყვება წინასწარ ვიცი. ეს იქნება წერილობითი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

აღნიშნული კანდიდატები არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა დღეს ორ ეტაპად წარიმართა. პარლამენტს წარედგინება ყველა ის კანდიდატურა, რომელიც პირველი კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მეორე ეტაპზე სათითაოდ ეყარა კენჭი შერჩეულ 20 კანდიდატს. იმისთვის, რომ კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად შერჩეულიყო, საჭირო იყო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაში7 სექტემბერს „Black Sea Arenas -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
შემდეგი სტატიადე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვანებმა სოფელ წნელისში თავიანთი დროშა აღმართეს