ნაზი ჯანეზაშვილი – ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა საზოგადოებაში ლევან მურუსიძის მიმართ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ის და ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტში შეხვედრაზე ვერ წავლენ, რადგან იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძესთან გასაუბრება ჩაინიშნა.

„ხვალ მიწვეულები ვიყავით პარლამენტში მე და ანა დოლიძე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი ხვალ ჩანიშნა გასაუბრება მოსამართლეებთან, რომლებსაც ეწურებათ სამწლიანი უფლებამოსილების ვადა, მათ შორის ლევან მურუსიძესთან, რომელსაც ასევე ეწურება სამწლიანი ვადა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ ჩაინიშნა ლევან მურუსიძესთან გასაუბრება ასე სწრაფად, რადგან ამ საკითხზე შეთანხმება წინასწარ არ ყოფილა.

„ჩვენ ორშაბათს გვქონდა სხდომა და საბჭოს მდივანს შეეძლო, მოეწოდებინა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს იგეგმება გასაუბრების ჩატარება, მაგრამ როგორც ჩანს, ფაქტია, ისინი მიდიან ყველაფერზე. ისეთ ფიგურასთან გასაუბრება, როგორიც არის მურუსიძე. ვიცით, რომ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა საზოგადოებაში ამ ადამიანის მიმართ. მაგრამ არ ერიდებიან და ფიქრობენ, დროულად ჩატარდეს გასაუბრება, რათა ის დაინიშნოს თანამდებობაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლოა, ლევან მურუსიძესთან გასაუბრების დანიშვნა არის პასუხი პარლამენტის მიმართ, რადგან პარლამენტმა შეაჩერა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურების განხილვის პროცესი.

„მთავარი პერსონა, ჩინჩალაძესთან ერთად, არის მურუსიძე. ამით ალბათ ამბობენ, რომ კი ბატონო, თქვენ არ ნიშნავთ ჩინჩალაძეს, მაგრამ ჩვენ დავნიშნავთ მურუსიძეს, რადგან ჩვენ ამის უფლება გვაქვს. მე მგონია, რომ საბჭო უშვებს სერიოზულ შეცდომებს, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. კითხვა – რამდენად არის შანსი, დანიშნოს მურუსიძე? პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსამართლეებიდან, რომლებიც სამწლიანი ვადით არიან დანიშნულები, ყველა ინიშნება უვადოდ. მურუსიძე არის ცოტა განსხვავებულ რეჟიმში, რადგან ის უზენაესის ყოფილი მოსამართლეა. მას ეწურება სამწლიანი უფლებამოსილების ვადა. ხვალ დაუჭერს თუ არა საბჭო მხარს, ვნახავთ. მგონია, რომ ეს არის პასუხი პარლამენტისთვის, რომ თქვენ მართალია, არ ნიშნავთ ჩინჩალაძეს უზენაეს სასამართლოში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, უვადოდ ​გავუგრძლოთ უფლებამოსილების ვადა ლევან მურუსიძეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა ხვალ იყო დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ასანიძე გახდა | სპორტის სამინისტროს დაჯილდოება
შემდეგი სტატიასაუკეთესოთა დაჯილდოებაზე შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა