ნაზი ჯანეზაშვილი : ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრ ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს მაშინ, როცა ის სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, დღეს ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმზე ხელმოწერას გეგმავს.

ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს.

ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ ანა დოლიძე კანონს არღვევს.

„როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას!

როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ? ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს“,- დაწერა ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა