9 მარტს აზიის ვაჭრობის გახსნისას Brent-ის ნავთობზე ფასი მკვეთრად გაიზარდა და იმ მომენტში მიაღწია ბარელზე 119.5 დოლარს – მაქსიმალურ მაჩვენებელს 2022 წლიდან.
ფასების მკვეთრი გზა უკავშირდება ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში – მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საომარი ოპერაცია დაიწყეს და შემდეგ თეირანმა რეგიონში ამერიკის ბაზებზე მიიტანა იერიშები. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად დაიხურა ჰორმუზის სრუტე – მარშრუტი, რომელსაც მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის.
Financial Times-ი წერს, რომ “დიდი შვიდეულის” (G7) სახელმწიფოები გეგმავენ განიხილონ ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლების საკითხი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან (IEA) ერთად. წყაროთა ცნობით, საქმე, შესაძლოა, ეხებოდეს 300-400 მილიონ ბარელს.
ნავთობის საავარიო მარაგი შეიქმნა 1974 წელს, არაბული სანავთობო ემბარგოს შემდეგ – რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა და დასავლეთში საწვავის დიდი დეფიციტი გამოიწვია. ეს მარაგები ნავთობის მსხვილ მომხმარებელ სახელმწიფოებს რეაგირების საშუალებას აძლევს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ რყევებზე.
IEA-მა ბოლოს სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობი გამოათავისუფლა 2022 წელს, რათა წინააღმდეგობა გაეწია ფასების მკვეთრი ზრდისთვის რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფასების ზრდა არის “ძალიან მცირე საფასური აშშ-ის და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის”. ტრამპის სიტყვებით, ფასები სწრაფად დაიკლებს, როცა აღმოიფხვრება ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხე.

















