კრემლის ოპონენტის, რუსეთის კოლონიაში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თავისი ქმრის სიკვდილში კვლავ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, დაადანაშაულა.
სტრასბურგში გამოსვლისას იულია ნავალნაიამ თქვა, რომ პუტინის დამარცხება სანქციებით შეუძლებელია.
ნავალნის ქვრივმა, რომელიც სტუმრად იყო მიწვეული ევროპის პარლამენტში, სტრასბურგში, დეპუტატებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არა პოლიტიკოსი, არამედ „მონსტრია.“ პუტინის დამარცხება, მისი თქმით, რეზოლუციებით, სანქციებით და მოლაპარაკებით არ მოხდება, არამედ შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ახალი მეთოდებით”. იულია ნავალნაიას თქმით, მისმა ქმარმა, მაგალითად, სოციალური მედია გამოიყენა, რათა რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკა და ქმედება სააშკარაოზე გამოეტანა.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა. პოლიტიკოსი 47 წლის იყო. ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, განაცხადა პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა.
ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.
ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ განაცხადა, რომ თავისი ქმრის საქმეს გააგრძელებს.