ნავალნის მხარდამჭერ რუს ბიზნესნმენს რუსეთში ექსტრადირება ემუქრება

რუს ბიზნესმენს სერგეი ბოკარევს, რომელიც ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას აფინანსებდა, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება.

სერგეი ბოკარევმა “ევროპული საქართველოს” ლიდერთან გიგა ბოკერიასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, სერგეი ბოკარევმა ფინანსურად ღიად დაუჭირა მხარი ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას.

მან ასევე საჯარო პოზიცია გამოხატა უკრაინის და საქართველოს მიმართ რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ.

ფერმერთა ასოციაციის შეკრებაზე ბოკარევმა გუბერნატორის თანდასწრებით გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის ფასს, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შედეგად ჩვეულებრივი მოქალაქეები იხდიან. ამის შემდეგ კი ბოკარევის დევნა დაიწყო.

“არ არის მოულოდნელი, რომ მთავრობის მითითებით, ამას მოჰყვა ფინანსური პრობლემები მის ბიზნესში. შემდეგ მოწოდება, რომ საჯაროდ უარეყო თავისი პოზიცია და შეერთებოდა ერთიანი რუსეთის მხარდამჭერთა საერთო კოლექტივს. მისგან მაგალითის შექმნა უნდოდათ, როგორ განუდგა “ცუდ” პოზიციებს და როგორ დადგა “სწორ” პოზიციაზე.” – ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ბოკარევის შესაძლო ექსტრადირებას ამართლებს დოკუმენტით, რომელშიც თავმოყრილია საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებები რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაზე.

“როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ მოხსენებებს, ხშირად მთავარ კრიტიკასთან ერთად რაღაც საკითხები პოზიტიურადაა შეფასებული.[…] ჩვენმა მთავრობამ ამოკრიბა საერთაშორისო ორგანიზაციების უაღრესად კრიტიკული შეფასებებიდან პოზიტიური მონაკვეთები და ამაზე დაყრდნობით ამართლებს იმას, რომ პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანი, რომელმაც გამოიჩინა პრინციპულობა და არ შეიცვალა პოზიცია უნდა გადაეცეს პუტინის რუსეთის ხელში.” – ამბობს ბოკერია.

თავად ბოკარევი ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას 99.8%-იანი შანსი აქვს, რომ სასამართლო გაამტყუნებს და 10 წლამდე პატიმრობას მიუსჯის.

 

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე: რომ არა შეზღუდვები, მილიონი ავადმყოფი გვეყოლებოდა
შემდეგი სტატიაპარლამენტში კომიტეტის სხდომა დაგვიანებით დაიწყო