ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს

ალექსეი ნავალნიმ თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა. ეს მისი პირველი პოსტია პოკროვში № 2 კოლონიაში გადაყვანის შემდეგ.

პოსტში ნავალნი აღნიშნავს, რომ რუსეთის პენიტენციურმა სისტემამ მისი გაოცება შეძლო.

“ვერ წარმომედგინა რომ შეიძლებოდა მოსკოვიდან 100 კილომეტრის დაშორებით ნამდვილი საკონცენტრაციო ბანაკის მოწყობა.” – წერს ნავალნი.

“არანაირი ძალადობა და მისი ნიშნებიც კი ჯერ არ შემიმჩნევია, თუმცა მსჯავრდებულთა დაძაბული პოზით, როცა გამართულები დგანან და ეშინიათ ზედმეტად თავის გატრიალების, მარტივად მჯერა იმ მრავალრიცხოვანი ისტორიების, რომ აქ, № 2 გამოსასწორებელ კოლონია “პოკროვში”, ადამიანებს სიკვდილამდე სცემდნენ ხის “მოლოტკამი”. ახლა მეთოდები შეცვალეს და გულწრფელად ვიტყვი, ვერ ვიხსენებ ისეთ ადგილს, სადაც ყველა ასე ზრდილობიანად და რაღაც მხრივ გულღიად ლაპარაკობენ.” – წერს პოლიტიკოსი.

ნავალნი აღნიშნავს, რომ კოლონიაში ზედმიწევნით ემორჩილებიან “დაუსრულებელ წესებს”. პოლიტიკოსის თქმით, კოლონიაში ყველაგან ვიდეოკამერებია დაყენებული, ყველაფერს აკვირდებიან და მცირე დარღვევის შემთხვევაშიც ანგარიშს წერენ.

თუმცა ალექსეი ნავალნი წერს, რომ თუ ადამიანი სიტუაციას იუმორით მიუდგება, “ცხოვრება შეიძლება” და აღნიშნა, რომ მთლიანობაში ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

“ჩვენი მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი – ჩემთვის ასე ვეძახი ჩემს ახალ სახლს” – წერს პოლიტიკოსი.

პოკროვის გამოსასწორებელი კოლონია № 2 ე.წ წითელი კოლონიაა, ანუ გამოსასწორებელი დაწესებულება, რომელშიც ადმინისტრაცია სრულიად აკონტროლებს პატიმრებს. მარტში ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა გამოუშვა ვიდეო, რომელშიც საუბარია, რომ კოლონიაში პატიმრებს სცემენ, მათ შორის კოლონიაში მოყვანისთანავე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსეი ნავალნი პოკროვში გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს პირველად თებერვლის ბოლოს წყაროებზე დაყრდნობით სხვადასხვა მედიებმა გაავრცელეს. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებდა, რომ ნალავნი კოლონიაში გადაიყვანეს. Facebook-ზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ნავალნის ადვოკატებმა თქვეს, რომ პოლიტიკოსს შეხვდნენ და ის ამჟამად კარანტინშია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს სკოლაში არ უვლია
შემდეგი სტატიაიოსელიანი – როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძეს ნოსტალგია შემოაწვება ხოლმე პუტინის მიმართ