ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი სახელწოდებით „რუსეთის გამოწვევაზე ნატოს ფოკუსირების შენარჩუნება“.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მუდმივ ძალისხმევას ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით, მათი ევროპული და/ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის რელსებიდან გადაყვანასა და უგუნური და უპასუხისმგებლო ესკალაციის წახალისებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობასა და ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებას, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

გარდა ამისა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს რუსეთის მეზობლების მიერ ალიანსების არჩევის განუყოფელ უფლებასა და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, რომელსაც ვერცერთი მესამე ქვეყანა ვეტოს ვერ დაადებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გააძლიეროს ნატოს მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევის მიმართ, დააჩქარონ მათი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, სოლიდარობა გამოუცხადონ საქართველოსა და უკრაინას ერთობლივი წვრთნებითა და პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელონ რუსეთის მიერ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნაწილების დროებითი ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის დაგმობა, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოში.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – ვხედავ ნიშნებს, რომ მეხუთე ტალღა უფრო ადრე იყოს, ვიდრე ვვარაუდობდით
შემდეგი სტატიასამადაშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში