ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი მიიჩნევს, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემა ნაწილობრივ აღმოფხვრა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
„უკრაინას დღეისათვის საკმარისად მყარი თავდაცვითი პოზიციები აქვს. ისინი კარგად არიან გამაგრებულნი და, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მოაგვარეს ბრძოლის ველზე ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემაც. ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ იდგა შემოდგომაზე. მათ გაზარდეს მობილიზაციისთვის ხელმისაწვდომი ადამიანების რაოდენობა, ასევე, წარმატებით მოხერხდა შტაბებიდან სამხედრო პერსონალის ბრძოლის ველზე გაყვანა“, – აღნიშნა ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.