ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება

ნატო უფრო გლობალური უნდა გახდეს და პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა ამის ნაწილი იქნება, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელზეც ნატო-ს განვითარების სტრატეგია განიხილებოდა.

„საქართველოს პირველი არხის“ კითხვაზე, თუ რა ადგილს იკავებს ამ სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონი და საქართველო, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ 2030 წლისთვის ნატო უფრო მეტად გლობალური უნდა გახდეს და ამ სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, თანამშრომლობა.

სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ჩინეთის მიერ შავ ზღვის რეგიონში ინფრასტრუქტურაში დაბანდებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ ადაპტირებული ალიანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ასევე იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და ნატო-ს მედეგობის განმტკიცება.

„ნატო 2030-ის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ ნატო სულ უფრო მეტი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ნატო-ს 2030-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ნატო უფრო მეტად გლობალური ალიანსი გახდეს და უფრო გლობალური მიდგომა გვქონდეს. ცხადია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსად, მაგრამ გვჭირდება გლობალური მიდგომა, რადგან ბევრი გამოწვევა, რომელთა წინაშეც ვდგავართ არის გლობალური. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა არის ჩინეთის გაძლიერება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი გვიახლოვდება. ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს ნატო-ს ქვეყნებში, ასევე ევროპაში და შავი ზღვის რეგიონშიც. შავ ზღვის რეგიონში კი მდებარეობს ნატო-ს სამი ქვეყანა და ორი პარტნიორი – საქართველო და უკრაინა. ნატო აცნობიერებს მდგრადობის მნიშვნელობას, აცნობიერებს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას. ჩვენ ვაძლიერებთ მდგრადობის განმტკიცებისთვის აუცილებელ შესაძლებლობებს, მათ შორის სატელეკომუნიკაციო ქსელების, ჯანდაცვის და ჩვენი საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების დაცვას. ნატო განაგრძობს ადაპტაციას და ინფრასტრუქტურის დაცვა იქნება ამ ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილი. ცხადია, ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ მდგრადობა და პარტნიორებთან – საქართველოსა და უკრაინასთან მუშაობის მნიშვნელობა, იქნება ჩემი წინადადების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოების ლიდერებს წარვუდგენ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მფარველობდა
შემდეგი სტატიარუსეთი საკმაოდ ხშირად არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას