NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მივიღებთ – ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ფინელები NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში მიიღებენ.

“როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას, ჩვენ და შვედეთს გვჭირდება, რომ საერთო ხედვა გვქონდეს მომავალზე, ახლა სწორედ ამ ყველაფერს ვააანალიზებთ და აზრებს ვაჯერებთ. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ჩვენ როდის მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას NATO-ს წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მალე მოხდება, რამდენიმე კვირაში და არა რამდენიმე თვეში”. – თქვა ფინეთის პრემიერმინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის პარლამენტი 13 აპრილს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკკა ჰაავისტომ 6 აპრილს ისაუბრა.

გასულ დღეებში ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ დროა ფინეთმა შეიცვალოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული აქამდე არსებული აზრები.

“რუსეთი არ გამოდგა მეზობელი, როგორიც გვეგონა რომ იყო… ვფიქრობ, ძალიან ფრთხილი განხილვები გვექნება, თუმცა ამ პროცესს იმაზე მეტ დროს არ მოვანდომებთ, ვიდრე გვჭირდება, რადგან სიტუაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა”. – თქვა ფინეთის პრემიერმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საელჩო აშშ-ს – მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ მარიუპოლზე დეზინფორმაციის გავრცელება
შემდეგი სტატიადეპარტამენტის ანგარიში დაბალანსებულია, მასში გამოთქმულია შეფასებები, რომელიც ასახავს, რა პროგრესი ჰქონდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით – თალაკვაძე