ნატო საქართველოსთან ავიატრაფიკის მონაცემების გაცვლის გაუმჯობესებას განიხილავს

“განვიხილავთ ავიატრაფიკის მონაცემების გაცვლის გაუმჯობესებას”, – ეს ნატოს გენერალური მდივნის ერთ-ერთი გზავნილია ბრიუსელიდან, სადაც დღეს, 29 სექტემბერს პრემიერ გიორგი გახარიას შეხვდა.

სტოლტენბერგმა ეს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ახსენა, როგორც “დამატებითი ელემენტი” ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობაში. მანვე აღნიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, აქამდე, ყურადღება მახვილდებოდა სანაპირო დაცვის მხარდაჭერასა თუ პორტში ნატოს გემების ვიზიტებზე.

“ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. რამდენად შეგვიძლია ავიატრაფიკის, რადარის ფოტოების გაზიარების გაუმჯობესება. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატოს ალიანსის წევრებისთვისაც იმ რეგიონში, სადაც წლების განმავლობაში ვხედავთ რუსეთის მყარ პოზიციებს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს როლი “შესაძლებლობების ფანჯარაა” ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის.

“2019 განსაკუთრებით შესანიშნავი წელი იყო ამ კონტექსტში. ამავდროულად ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რომ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით განვაგრძოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ფორმულას ინფორმაციით, გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო საჰაერო სივრცის უსაფრთხოების რეგიონალური პროგრამაში (RASP) საქართველოს ჩასმას განიხილავს. პროგრამა მიზნად ისახავს გააუმჯობოსოს მოსაზღვრე ქვეყნებს შორის კოორდინაცია სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების საკითხებში. ასევე, მისი მიზანია ინფორმაციის სწრაფად გაცვლა საჰაერო სივრცის საფრთხეების, ინციდენტებისა და საეჭვო თვითმფრინავების შესახებ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე ფორმულასთან განმარტავს, რომ RASP-ის ამოქმედებით მოკავშირეების შესაძლებლობების გამოყენებით საქართველო უფრო უკეთ, უფრო დეტალურად და გაუმჯობესებულად დაინახავს საკუთარი საჰაერო სივრცის სურათს.

banner
წინა სტატიაშიგორთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაევროპის უნივერსიტეტმა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა