ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს. ერთკვირიანი კურსი, რომელიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს, ნატოს მხარდაჭერით, ასევე JTEC-ის და ნატოს საწვრთნელი ცენტრის – ნორვეგიის ზამთრის საბრძოლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, პრაქტიკულ ნაწილს კურსის მონაწილეები ნორიოს სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გადიან, სადაც ქართველი და ნორვეგიელი ინსტრუქტორები სამხედრო მოსამსახურეებს მკაცრ კლიმატურ პირობებში მოქმედების შესახებ გამოცდილებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უზიარებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის კურსის პრაქტიკული ნაწილის მსვლელობისას ქართველი სამხედროები ჯგუფებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს ინსტრუქტორისგან მიღებული კონკრეტული დავალების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შესრულება დაევალა. ჯგუფები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების და იმპროვიზაციის მიხედვით შეფასდნენ. ინსტრუქტორებმა დაწვრილებით განიხილეს კონკრეტულ სიტუაციებში ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ქარში და წვიმაში კარავის ან სხვა ნებისმიერი საფარის სწორად აგებას, კოცონის დანთებას, პირადი ნივთების მშრალად შენახვას და სხვა დეტალებს მოიცავდა. მონაწილეებმა გააანალიზეს შეცდომები და ინსტრუქტორებისგან პრაქტიკული რჩევებიც მიიღეს.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამხედრო ოპერაციებზე კლიმატური პირობების გავლენის შესახებ, ასევე, თუ რა სახის დაზიანებები შეიძლება მიიღონ და როგორ უნდა მოქმედებდეს პირადი შემადგენლობა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში. კურსის მსვლელობისას სამხედროებმა რთულ კლიმატურ პირობებში იარაღისა და პირადი აღჭურვილობის მშრალად შენარჩუნების წესები, სივრცის დაგეგმვისა და ზამთრის ოპერაციების ტექნიკური პრინციპებიც შეისწავლეს.

სამინისტროს ინფორმაციით, „ზამთრის კურსი“ საქართველოში პირველად ტარდება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამომავლოდ სწავლების საერთაშორისო დონეზე განხორციელება და ნატოს წევრი, პარტნიორი და მეზობელი ქვეყნებიდან სამხედროების მონაწილეობა იგეგმება.

ამასთან, ალიანსის წევრ ბევრ ქვეყანაში, მკაცრი ზამთრის გამო, ზამთრის კურსის ჩატარება და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება ნატოს მხრიდან პრიორიტეტად არის მიჩნეული. საერთაშორისო სტუდენტების მონაწილებით ზამთრის პირველი კურსი 1927 წელს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშინორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიაანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება – “სამართალდამცავთა ლიგა” სპეციალურ ბრიფინგს გამართავს